25 იანვარს რუსეთსა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის არსებულ საზღვარზე ახალი საავტომობილო ხიდი უნდა გაიხსნას.
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მდინარე ფსოუზე საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე მდებარე საკონტროლო-გამშვები პუნქტი მოინახულა. მედვედევთან ერთად სერგეი ლავროვიც იმყოფებოდა.
"რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რუსეთსა და აფხაზეთს შორის არსებულ საზღვარზე მდებარე პუნქტი მოინახულა, სადაც 25 იანვარს ახალი საავტომობილო ხიდი უნდა გაიხსნას", _ იუწყება რუსული და აფხაზური მედია.
მათი ინფორმაციით, ახალ ხიდზე, რომელიც რუსეთსა და აფხაზეთს აერთებს რუსეთის პრეზიდენტი და აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ალექსნდრე ანქვაბი ერთმანეთს შეხვდნენ.
"ყველაფერი მალე ააშენეს, ცივილიზებულად, მოთხოვნების შესაბამისად, მათ შორის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ნორმების გათვალისწინებითაც", _ უთხრა მედვედევმა ანქვაბს და "აფხაზეთის პრეზიდენტი" მასთან ერთად საზღვრის რუსულ მონაკვეთზე დაპატიჟა.
ახლად აშენებული საკონტროლო-გამშვები პუნქტი სრული დატვირთვით მიმდინარე წლის თებერვალში ამუშავდება.