საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, სფეროებში, სადაც მიიჩნევა, რომ Human Rights Watch-ის კრიტიკა სამართლიანია, შესაბამისი ღონისძიებები გატარდება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა Human Rights Watch-ის მიერ საქართველოში არსებული მდგომარეობაზე გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას აღნიშნა.
"Human Rights Watch" არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის დასკვნაც ჩვენთვის ყუდადსაღებია. მის მოხსენებებში სხვადასხვა დარღვევის კუთხით შედის ისეთი განვითარებული ქვეყნები, როგორიცაა საფრანგეთი, გერმანია და იტალია, ამიტომ კარგია, როდესაც ისინი საქართველოში არსებული პრობლემების მონიტორინგს ახორციელებენ", - აღნიშნა წიკლაურმა.
დეპუტატის განცხადებით, ყოფილა, ბევრი საკითხი, რომელიც "Human Rights Watch"-ს დაუყენებია და ქვეყნისთვის მის გათვალისწინებას პოზიტიური შედეგი მოჰყოლია.
"თუმცა ყოფილა საკითხები, რომელშიც, ვფიქრობ, რომ არაკვალიფიციურა ამ ორგანიზაციის განცხადებები", - აცხადებს იგი.
"იმ სფეროებში, სადაც ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს კრიტიკა სამართლიანია, შესაბამისი ღონისძიებები იქნება განხორციელებული, ხოლო სადაც ნაკლები ინფორმაციის, ან ცალმხრივი და მიკერძოებული ინფორმაციის გამო მოხსენებაში იკვეთება რაიმე სახის პრობლემები, ჩვენ ამაზე მიუთითებთ. ეს არის ჩვეულბერივი სამუშაო პროცესი", - განაცხადა უმრავლესობის წევრმა.
წიკლაურის თქმით, არავის არ აქვს იმის ილუზია, რომ ერთ დღეში ყველაფერი გამოსწორდება.
"თუმცა უდავო პროგრესი არის სახეზე და ამას ადასტურებს ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის Human Rights Watch-ი, - მიაჩნია დეპუტატს.