კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ნიკოლა სარკოზი სომხების გენოციდის კრიმინალიზაციით საკმაოდ ძლიერი სომხური ლობის თავის მხარეს გადაყვანა სურს.
"ეს არ არის თემა, რომელიც შეუქცევად დაძაბულობას შექმნის ან თურქეთ-საფრანგეთის ურთიერთობაში ან კავკასიაში. ეს არის წინასაარჩევნო კამპანია საფრანგეთში, რითაც სარკოზის სურს საკმაოდ ძლიერი სომხური ლობის თავის მხარეს გადაყვანა და სომხური ფულის თავის სასარგებლოდ გამოყენება", - განაცხადა ზაქარეიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
რაც შეეხება თურქეთ-სომხეთის ურთიერთობას საფრანგეთში აღნიშნული კანონის მიღების შემდეგ, ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულ ქვეყნებს შორის ურთიერთობა იმდენად ცუდია, რომ მეტად ვეღარ გაფუჭდება.
"თურქებსა და სომხეთს შორის ურთიერთობა პრაქტიკულად არ არსებობს. ერთი ორჯერ იყო შეხვედრები თურქეთის პრეზიდენტსა და სომხეთის პრეზიდენტს შორის ფეხბურთის ნაკრებების თაობაზე. ფეხბურთის იქით არ წასულა თურქულ-სომხური ურთიერთობები. თურქეთსა და სომხეთს შორის ისეთი ცუდი ურთიერთობაა, რომ ამ ცუდის კიდევ უფრო გაფუჭება ძნელი იქნება. კარგი ურთიერთობა რომ ყოფილიყო შეიძლება დღეისთვის გაფუჭებულიყო", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
მისი თქმით, თურქეთსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობა 2-3 თვეში დაწყნარდება.
"თურქეთი გააკეთებს განცხადებებს, გადადგამს დიპლომატიურ ნაბიჯებს და შემდგომი 2-3 თვის განმავლობაში აღდგება ნორმალური ურთიერთობა თურქეთსა და საფრანგეთს შორის. ამ საკითხის გამო თურქეთი საფრანგეთთან დიპლომატიურ და სხვა სახის ურთიერთობებს არ გაწყვეტს. იქნება უკმაყოფილება თურქეთის მხრიდან და ეს შეიძლება რამდენიმე თვე გაგრძელდეს, მაგრამ როცა ყველას დაავიწყდება ეს პროცესი, ისე აღდგება ურთიერთობა, რომ ვერავინ ვერ შეამჩნევს ამას. ჩვენ ვნახავთ, რომ ჩავა თურქეთის პრეზიდენტი ან პრემიერი საფრანგეთში ან პირიქით განხორციელდება ვიზიტი", - აღნიშნა ექსპერტმა.
საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატამ სომხების 1915 წლის გენოციდის კრიმინალიზაცია მოახდინა, რაც იმას გულისხმობს, რომ ამ ფაქტის უარყოფა ამიერიდან საფრანგეთში კანონით ისჯება.
პარლამენტის კენჭისყრის პარალელურად საკანონმდებლო ორგანოს წინ 200 მდე თურქი დემონსტრანტი შეიკრიბა, რომლებიც აღნიშნულ ფაქტს აპროტესტებდნენ.
მოგვიანებით იქ საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად სომხური წარმოშობის მოქალაქეებიც მივიდნენ.
მათი თქმით, პარლამენტის გადაწყვეტილება ისტორიული მნიშვნელობისაა. ახალ კანონს პირველი გამოხმაურება უკვე მოჰყვა თურქეთის მხრიდან. ოფიციალური ანკარა შეშფოთებას გამოთქვამს საფრანგეთის პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და საპასუხო ნაბიჯებით იმუქრება. ერევანში კი აცხადებენ, რომ საფრანგეთის გადაწყვეტილებამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაამყარა.