სოფელ დვანში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან აცნობეს, მონაწილეებმა განიხილეს ბოლოდროინდელი ინციდენტები და დაკავებები რომლებიც ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას უკავშირდება. ასევე მსჯელობა გაგრძელდა ორივე მხარეს მყოფი დაკავებულების გაცვლაზე.
შეხვედრაზე ოსმა სეპარატისტებმა კვლავ დააყენეს ოსი ეროვნების უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების საკითხი. საუბარი ასევე შეეხო უსაფრთხოების საკითხებს.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში აღნიშნავს, რომ დვანის შეხვედრა კონსტრუქციული და თანამშრომლობის ვითარებაში წარიმართა.
შეხვედრის მონაწილეები მომავალში მომდევნო შეხვედრის თებერვალში გამართვაზე შეთანხმდნენ.