ხვალ, 24 იანვარს, სოფ. დვანში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საქართველოს შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა დაადასტურა.
"დვანში შეხვედრა ხვალ გაიმართება. მასზე ქართული მხარე ჩვეულებისამებრ, უსაფრთხოების, გადაადგილების თავისუფლებისა და დაკავებულების გათავისუფლების საკითხებს განიხილავენ", _ განაცხადა უტიაშვილმა სააგენტოსთან საუბარში და იქვე აღნიშნა, რომ არ არის გამორიცხული, რომ მოლაპარაკებები ოსურ მხარესთან დაკავებულების გაცვლასთან დაკავშირებით კვლავაც გაგრძელდეს.
შეგახსნებთ, რომ დვანში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის წინა შეხვედრა 22 ნოემბერს გაიმართა. ამ შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებით 30 დეკემბერს თბილისმა და ცხინვალმა ორივე მხარეს დაკავებული 13-13 ადამიანი გაცვალეს.