მოსკოვი აფრიკის ქვეყნების მოსყიდვის მცდელობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრალდებებს უარყოფს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს რადიო "ეხო მასკვის" ეთერში აფრიკის ქვეყნებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი მიხეილ მარგელოვი გამოეხმაურა.
მისი თქმით, რუსეთი პოლიტიკურ მიზანს არანაირად არ წამოადგენს აფრიკის ქვეყნების მოსყიდვა, რომ მათ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობა" აღიარონ.
მარგელოვის თქმით, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მომავალი დამოკიდებული იქნება "პოლიტიკურ პროცესებზე თავად ამ ქვეყნებში". მარგელოვის განცხადებით, მოსკოვი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ასეთი მეთოდებით არ იბრძვის.
ამასთან, კარნეგის ცენტრის ხელმძღვანელის დიმიტრი ტრენინის თქმით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ბედი ამავე "სახელმწიფოების" შიდაპოლიტიკურ პროცესებზეა დამოკიდებული.
მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მოსკოვი აფრიკულ ქვეყნებს და მათი მთავრობების კონკრეტულ ჩინოვნიკებს, ქრთამის სახით, რამდენიმე ასეული მილიონის გადახდას ჰპირდება, თუ ისინი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებენ.