ე.წ. სამხრეთ ოსეთში მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიაზე საფასური იზრდება. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი ალექსეი ხაბალოვი აცხადებს, რომ ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიაზე ტარიფების გაზრდა ენერგომატარებლების მიმწოდებლებთან "ინტერ რაო ეესთან" და "რაო ეესთან" ადრე გაფორმებულმა ხელშეკრულებებმა განაპირობა.
"ამ შეთანხმებებში ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიაზე ფასების ეტაპობრივი ზრდა იყო გათვალისწინებული. ამას გარდა "ენერგორესურსი" აქამდე ბუნებრივ აირს მოსახლეობაზე დამატებითი ღირებულების გადასახადის გარეშე ყიდდა. ახლა კი ეს გადასახადი თვითღირებულებაზეა დამატებული", _ აცხადებს ე.წ. მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთში ელექტროენერგიის საფასური 1 რუბლიდან და 49 კაპიკიდან 2 რუბლსა და 64 კაპიკამდე გაიზრდება, ბუნებრივი აირის საფასური კი 3 რუბლიდან და 60 კაპიკიდან 4 რუბლსა და 27 კაპიკამდე.