"აფხაზეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას დღეს აქვს რეალური შანსი, კონსტანტინოპოლის პარტიაქის მიერ იყოს აღიარებული, მაგრამ ამისთვის საჭიროა თითოეული მოქალაქის, საზოგადოებისა და ზოგადად სახელმწიფოს ნება და მხარდაჭერა", _ ეს განცხადება აფხაზეთის ე.წ. წმინდა მიტროპოლიის არქიმანდრიტმა დოროფეი დბარმა გააკეთა.
მან მოუწოდა ყველა სასულიერო პირს, გაერთიანდნენ, რათა აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიას მიაღწიონ.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, იგი ასევე მიმართავს "რესპუბლიკის ხელმძღვანელობას, პარლამენტს, საზოგადოებრივ პალატას და მოუწოდებს მათ, მხარი დაუჭირონ აფხაზეთის წმისნდა მიტროპოლიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას".
ამას გარდა, დოროფეი დბარი ასევე მიუწოდებს მათ, თავიანთი მხარდაჭერა კონსტანტინოპოლის პარტიარქისადმი გაგზავნილ წერილებში გამოხატონ.
დბარმა აუწყა აფხაზ ჟურნალისტებს, რომ 2011 წლის 9 აგვისტოს აფხაზეთის ე.წ. წმინდა მიტროპოლიამ მიმართვა გაუგზავნა მსოფლიოს 14 მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდებს.
"პირველი სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესია გამოგვეხმაურა. სერბებმა როგორც არავინ გამოავლინეს ქრისტიანული პატივისცემა ჩვენდამი, აფხაზებისადმი. მათ მიერ საპასუხოდ გამოგზავნილ წერილში არის გაგება იმისა, რომ ჩვენ და ისინი ერთიანი მართლმადიდებლური ეკლესიის ნაწილები ვართ", _ აცხადებს დბარი და აღნიშნავს, რომ სერბეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ პირობა დადო, რომ შესწავლის აფხაზურ საკითხს.