ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ე.წ. ლიდერი ალა ჯიოევა ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტის" მოვალეობის შემსრულებლისგან, ვადიმ ბროვცევისგან, ხელისუფლების მისთვის გადაცემას მოითხოვს. აღნიშნულის შესახებ ალა ჯიოევა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
"მოვითხოვ კანონით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფას სამხრეთ ოსეთის ხალხის მიერ კანონიერად არჩეული პრეზიდენტისთვის ხელისუფლების გადაცემის შესახებ. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა შეფასებული იქნება, როგორც ხელისუფლების უკანონო დაკავება ყველა აქედან გამომდინარე შედეგით", _ ნათქვამია ჯიოევას განცხადებაში და იქვეა მითითებული ვადა, რომლის განმავლობაშიც ბროვცევმა მას უნდა აუწყოს "მიღებული გადაწყვეტილების" შესახებ. ჯიოევა მას ვადას 2012 წლის 23 იანვრამდე აძლევს.
მისი ინფორმაციით, შაბათს, გარდა იმისა, რომ ცხინვალში მიტინგის ჩატარებას აპირებს, მომხრეებთან ერთად თავის შტაბში მომავალი მომქედებების გეგმას შეადგენს.
ცხინვალში მასობრივი საპროტესტო აქციების განახლების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, ჯიოევა აცხადებს, რომ ყოველივე ეს თავის მომხრეებთან გამართული შეხვედრის შემდეგ გადაწყდება.
"ჩვენ კონსტიტუციისა და კანონიერების მხარეს ვართ და სამხრეთ ოსეთის ყველა მოქალაქე უნდა დაფიქრდეს, თუ ვინ ახდენს სიტუაციის დესტაბილიზებას - ჩვენ თუ ის ვინც ყველაფერ ამის ინიცირებას ახდენს", _ აცხადებს ჯიოევა.