ინგლისურმა საფეხბურთო კლუბმა „ლივერპულმა“ თავის კაპიტან სტივენ ჯერარდს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ძველი ხელშეკრულების ვადის გასვლამდე კიდევ წელიწადნახევარი რჩება, ჯერარდი „ლივერპულს“ 2013 წლის ზაფხულამდე ეკუთვნის, მაგრამ მხარეებმა წინასწარ გააფორმეს ახალი კონტრაქტი, რომლის თანახმად ჯერარდი „ლივერპულში“ 2014 წლამდე ითამაშებს.
სტივენ ჯერარდი 31 წლსაა და უკვე ვეტარანადაც ჩაითვლება. მას სხვა კლუბში არასდროს უთამაშია, მთელი კარიერა „ლივერპულში“ აქვს გატარებული და აქტიური ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგაც სურს იქ დარჩენა სხვა ნებისმიერი სტატუსით.
„მას მერე რაც ჩემს კლუბთან პირველი კონტრაქტი გავაფორმე, მე სრულად მას ვეკუთვნი და მუდამ ბევრს ვშრომობ, მისი ღირსი რომ ვიყო“ - ამბობს ჯერარდი.
ამ კონტრაქტის გაფორმებამდე ერთი დღით ადრე ჯერარდმა მორიგი გამარჯვება მოუპოვა თავის გუნდს, ლიგის თასის შეხვედრაში პენალტი გაუტანა და 1:0 დაამარცხებინა ინგლისური პრემიერლიგის ლიდერი „მანჩესტერ სიტი“.
მასალის გამოყენების პირობები