წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გამოყენება პოლიტიკური თანამდებობის პირებს არ ეკრძლებათ.
აღნიშნული ნორმა ასახულია ახალ „საარჩევნო კოდექსში", რომელიც უკვე ძალაშია.
კოდექსის მიხედვით, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერ პირს ეკრძალება რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოების პროცესში შემდეგი სახის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება: სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ, აგრეთვე იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც ფინანსდებიან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დაკავებული შენობების გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ სხვა საარჩევნო სუბიექტებს არა აქვთ იმავე ან ანალოგიური დანიშნულების შენობების იმავე პირობებით გამოყენების შესაძლებლობა; სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებებისათვის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და იმ ორგანიზაციებისათვის, რომლებიც ფინანსდებიან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენება; სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გამოყენება.
თუმცა, რაც შეეხება სატრანსპორტო საშუალებებს ეს შეზღუდვა არ ვრცელდება პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ მათი სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენებაზე, გარდა სახელმწიფო რწმუნებულებისა - გუბერნატორებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი პირებისა, რომლებიც არჩეული არ არიან პირდაპირი არჩევნების გზით.
კანონის მიხედვით, კი პოლიტიკური თანამდებობის პირებად განისაზღვარა - საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობის სხვა წევრები და მათი მოადგილეები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელები, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი და აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი, სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი.
ძველი კანონმდებლობით აკრძალული იყო წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიისათვის იმ ორგანიზაციების მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყენება, რომლებიც ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.