საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ქართველი და თურქი მეზღვაურები სომალელი მეკობრეობის ტყვეობიდან თავისუფალნი არიან. პრეზიდენტმა მეზღვაურებს გამძლეობისთვის მადლობა გადაუხადა.
"საოცარი სოლიდარობა გამოიჩინეს ქართველმა და თურქმა მეზღვაურებმა ერთმანეთის მიმართ. ძალიან მიხარია რომ თურქი ძმები, ისევე როგორც ქართველები უბრუნდებიან საკუთარ სახლებს. ძნელია, წარმოიდგინო, რა ჯოჯოხეთი გამოიარა ამ ხალხმა, რა პირობებში გაატარეს ტყვეობა, ეს ალბათ ყველაზე ცუდი რამეა, რაც შეიძლება ადამიანს დაემართოს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი დღეს თავისუფლები არიან. უნდა გვახსოვდეს, რომ 600-ზე მეტი მეზღვაური, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებიდან, დღესაც დატყვევებულია სომალიში. ამ პირობებში, როდესაც ჩვენ ყველანი ვგმობთ მეკობრეობას, საერთაშორისო კრიმინალს და ვთანამშრომლობთ მასთან ბრძოლაში, ის, რომ თქვენ აღმოჩნდით იმ იღბლიანთა შორის, ვინც რამდენიმე ასეული ადამიანიდან თავი დააღწია ამ ჯოჯოხეთს, ჩვენთვის ძალიან დიდი მიღწევა და სიხარულია", - განაცხადა სააკაშვილმა და აღნინშა, რომ ეს ასევე, არის იმედი ყველა იმ ადამიანისთვის ვინც ჯერ კიდევ იქ არის დარჩენილი.
მიხეილ სააკაშვილმა თურქეთის პრემიერ-მინისტრს რეჯებ ტაეპ ერდოღანს მადლობა გადაუხადა თბილი დახვედრისთვის და ასევე იმისთვის, რომ ის პირადად მივიდა აეროპორტში და დახვა გათავისუფლებულ მეზღვაურებს. სააკაშვილის თქმით, ეს ძალიან დიდი ჟესტია.