ე.წ. სოხუმისა და ბიჭვინთის ეპარქიის ე.წ. ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ბესარიონ აპლია, რომელიც აფხაზეთის გახლეჩილი ეკლესიის ერთ მხარეს იმყოფება, მეორე მხარეს მყოფი აფხაზი სასულიერი პირების მსოფლიო პატრიარქთან შეხვედრის კომენტირებისას აცხადებს, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქს აფხაზეთთან არავითარი კავშირი არ აქვს.
"უფრო მარტივადაც გეტყვით, რომ თქვენთვის გასაგები იყოს: რუსი ბიჭები აქ თავიანთ სიცოცხლეს წირავენ, რუსეთი გვაღიარებს და ჩვენ რაღაც გაურკვეველი ძალებისკენ ვიწევთ? ეს ღალატად მიმაჩნია. ამიტომაც ვინ ეს გააკეთა - ანდრეი ამპარი, დოროფეი დბარი - ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სისულელეებით არიან დაკავებულნი. მათი პოზიცია არ არის აფხაზეთის ეკლესიის პოზიცია და აზრი", _ აცხადებს ბესარიონ აპლია და აღნიშნავს, "ეს აკრძალული ადამიანები არიან და მათ საუბრის უფლება არ აქვთ, არათუ აფხაზეთის სახელით, არამედ საერთოდ მართლმადიდებლობის სახელით. ისინი აკრძალულნი არიან, მათ არ შეუძლიათ არც წერა და არც საუბარი", _ აცხადებს აპლია რუსულ მედიასთან საუბარში.
მისი თქმით, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს კონსტანტინოპოლის ეკლესიის სინოდმა, ეს აფხაზურ ეკლესიაზე არავითარ შემთხვევაში არ აისახება.
აპლია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის აღდგენის საკითხი მოსკოვის საპატრიარქოს მეშვეობით უნდა გადაწყდეს.
"და არავითარი სხვა დადგენილება. არც კონსტანტინოპოლი და არც იერუსალიმი - ჩვენ არც არაფერს ველით და არც არაფერს ვაკეთებთ. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც არიან მტრები აფხაზური მართლმადიდებლობისა. ისინი რაღაცნაირად აღმოჩნდნენ იმ პროცესში, რომელსაც ევროპული ინტეგრაციული ხასიათი აქვს და რომელიც გვაშორებს მართლმადიდებლობას", _ ამბობს აპლია.
აღსანიშნავია, რომ აპლია და მისი მომხრეები დაპირისპირებულნი არიან ახლახან კონსტანტინოპოლის პატრიარქთან ნამყოფ აფხაზ სასულიერო პირებთან - დავით სარსანიასთან, დოროფეი დბართან და ანდრეი ამპართან. ეს უკანასკნელნი აფხაზეთის ე.წ. მართლმადიდებლური ეკლესიის ახალგაზრდა ფრთას წარმოადგენენ. გასული წლის 15 მაისს ამ სამმა სასულიერი პირმა ახალ ათონში საერო და სასულიერი დიდი შეკრება გამართა, ისინი რუსეთის პატრიარქიის მიერ აფახზეთში სასულიერი პირების დანიშვნას ეწინააღმდეგებოდნენ. ახალ ათონში გამართული დიდი შეკრების შედეგად აფხაზეთის ეკლესიაში ორი ერთმანეთთან დაპირსპირებული ფრთა წარმოიქმნა. ახალგაზრდა ფრთამ წმინდა მიტროპოლია შექმნა და რუსეთის ეკლესიის აფხაზეთის საეკლესიო საქმეებში ჩაურევლობა მოითხოვა. მიმდინარე წლის 9 იანვარს აფხაზი სასულიერი პირების ახალგაზრდა ფრთის წარმომადგენლები მსოფლიო პატრიარქს ბართლომეს შეხვდნენ, აფხაზეთის ეკლესიაში არსებული მდგომარეობა გააცნეს და ქართულ ეკლესიასთან მოლაპარაკებები და შუამდგომლობა სთხოვეს. აფხაზური მხარის ინფორმაციით, პატრიარქი მათ დაყენებული საკითხების განხილვას დასთანხმდა.
ამასთან დაკავშირებით,საქართველოს პატრიარქის მდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ პატრიარქთან შეთანხმების გარეშე ოფიციალურ კომენტარს ვერ გააკეთებს, თუმცა აღნიშნა, რომ "მსოფლიო პარტიარქი საქართველოს ეკლესიის გვერდის ავლით არავითარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს".