არქიმანდრიტმა დოროფეი დბარმა აფხაზი სასულიერო პირების მსოფლიო პატრიარქთან გამართულ შეხვედრას უმაღლესი შეფასება მისცა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მისი თქმით, ამ შეხვედრაზე დაყენებულ საკითხებს მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდი განიხილავს.
"გაიმართა ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული შეხვედრა. ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, კონსტანტინოპოლის დროიდან მოყოლებული, არასოდეს აფხაზეთის სასულიერო პირებს არ ჰქონიათ მსგავსი შეხვერდა ოფიციალურ დონეზე", _ განაცხადა დბარმა აფხაზური ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გამოსვლისას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიო საპატრიარქო მთავარი ეკლესიაა მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში, "ვის ხელშიც იმყოფება ჩვენი საეკლესიო საკითხის გადაწყვეტა".
აფხაზი სასულიერო პირების მსოფლიო პატრიარქ ბართლომესთან გამართული შეხვედრის შესახებ უწმინდესის მდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა კი სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში განაცხადა, რომ პატრიარქთან შეთანხმების გარეშე ოფიციალურ კომენტარს ვერ გააკეთებს, თუმცა აღნიშნა, რომ მსოფლიო პარტიარქი საქართველოს ეკლესიის გვერდის ავლით არავითარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
"საპატრიარქოში ახლა არდადეგებია. პატრიარქთან შეთანხმების გარეშე ამ საკითხზე ვერავითარ კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუმცა თუ აფხაზი სასულიერო პირებისა და მსოფლიო პატრიარქის შეხვერდა ფოტომასალითაც დასტურდება, შემიძლია მხოლოდ ერთი რამ აღვნიშნო - არავითარი გადაწყვეტილება მსოფლიო პატრიარქის მიერ საქართველოს მართლმადიდებური ეკლესიის გვერდის ავლით მიღებული არ იქნება", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მამა მიქაელ ბოტკოველმა.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, რომელიც ფოტომასალითაა გამყარებული, სტამბულში მსოფლიო პატრიარქ ბართლომესა და აფხაზეთის "წმინდა მიტროპოლიის" საბჭოს წარმომადგენლების, დოროფეი დბარის, ანდრეი ამპარის, დავით სარსანიასა და სხვა აფხაზი სასულიერო პირების შეხვედრა მსოფლიო პატრიარქის მიწვევით გაიმართა. სეპარატისტები ამ შეხვედრას ისტორიულს უწოდებენ იმის გამო, რომ აფხაზი სასულიერო პირები საუკუნეების განმავლობაში პირველად მიიღო ოფიციალურად მსოფლიო პატრიარქმა.
მათი ინფორმაციით, უწმინდესმა პატრიარქმა ბართლომემ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მსოფლიო საპატრიარქომ მიიღო ყველა დოკუმენტი, რომელიც აფხაზეთში არსებულ საეკლესიო საკითხთანაა დაკავშირებული.
აფხაზმა სასულიერო პირებმა პატრიარქს დაწვრილებით მოუთხრეს აფხაზეთის საეკლესიო საკითხის მთელი პრობლემატიკა. მამა დოროფეი დბარმა აღნიშნა, რომ აფხაზეთის ხალხის საეკლესიო საკითხი შეუძლებელია გადაწყდეს ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ორმხრივი დიალოგის გზით, მომხდარი ომისა და შემდეგ შექმნილი პოლიტიკური ურთიერთობების გამო. მეტიც, ამ საკთხის გადაწყვეტა ასევე შეუძლებელია ნებისმიერი ორმხრივი მოლაპარაკებით მსოფლიო საპატრიარქოს ჩარევის გარეშე.
ამის შემდეგ, აფხაზური მხარე და აღნიშნავს, რომ პატრიარქმა ბართლომემ ყურადღებით მოუსმინა სტუმრებს და სთხოვა მათ აფხაზი ხალხისთვის გადაეცათ, რომ "დედა ეკლესია ყველაფერს შესაძლებელს გააკეთებს იმისთვის, რომ აფხაზეთში არსებული საეკლესიო მდგომარეობა კანონიკურად გადაწყდეს".
მათი ინფორმაციით, მსოფლიო პატრიარქმა ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთის საერო და სასულიერი შეკრების მიმართვა უახლოეს მომავალში იქნება განხილული მსოფლიო საპარტიარქოს წმინდა სინოდის მიერ.