მსოფლიო პატრიარქის მიწვევით სტამბულში საპატრიარქოში კონსტანტინოპოლის უწმინდესი პატრიარქის ბართლომესა და აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის საბჭოს წარმომადგენლების დოროფეი დბარის, ანდრეი ამპარისა და დავით სარსანიასა და სხვა აფხაზი სასულიერო პირების შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. სეპარატისტები ამ შეხვედრას ისტორიულს უწოდებენ იმის გამო, რომ აფხაზი სასულიერო პირები საუკუნეების განმავლობაში პირველად მიიღო ოფიციალურად მსოფლიოს პატრიარქმა.
მათი ინფორმაციით, უწმინდესმა პატრიარქმა ბართლომემ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მსოფლიო საპატრიარქომ მიიღო ყველა დოკუმენტი, რომელიც აფხაზეთში არსებულ საეკლესიო საკითხთან არის დაკავშირებული.
"წმინდა მიტროპოლიის წარმომადგენლებმა დაწვრილებით მოუთხრეს პატრიარქს აფხაზეთის საეკლესიო საკითხის მთელი პრობლემატიკა. მამა დოროფეი დბარმა აღნიშნა, რომ აფხაზეთის ხალხის საეკლესიო საკითხი შეუძლებელია გადაწყდეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიასთან ორმხრივი დიალოგის გზით, მომხდარი ომისა და შემდეგ შექმნილი პოლიტიკური ურთიერთობების გამო. მეტიც, ამ საკთხის გადაწყვეტა ასევე შეუძლებელია ნებისნიერი ორმხრივი მოლაპარაკებით მსოფლიო საპატრიარქოს ჩარევის გარეშე", _ იუწყება აფხაზური მხარე და აღნიშნავს, რომ პატრიარქმა ბართლომემ ყურადღებით მოუსმინა სტუმრებს და სთხოვა მათ აფხაზი ხალხისათვის გადაეცათ, რომ დედა ეკლესია ყველაფერს შესაძლებელს გააკეთებს იმისათვის, რომ აფხაზეთში არსებული საეკლესიო მდგომარეობა კანონიკურად გადაწყდეს".
მათი ინფორმაციით, მსოფლიო პატრიარქმა ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთის საერო და სასულიერი შეკრების მიმართვა უახლოეს მომავალში იქნება განხილული მსოფლიო საპარტიარქოს წმინდა სინოდის მიერ.