გალის რაიონში ამ რაიონის ოპერატიული რწმუნებული ვიტალი როდონაია მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია აფხაზეთს ე.წ. გენპროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მკვლელობა სოფელ გაგიდაში მოხდა. 33 წლის ვიტალი როდონაია ტყვარჩელის რაიონის სოფელ კოხორას მცხოვრები იყო. აფხაზეთის ე.წ. გენპროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული ინციდენტი 9 იანვარს მოხდა. ამ დღეს როდონაია თავის სიდედრთან, მალიუზა ბიგვავასთან იმყოფებოდა, რომელიც გალის რაიონის სოფელ გაგიდაში ცხოვრობს. ღამის 02:00 საათზე მათ სახლში სამი ნიღბიანი შეიჭრა. თავდამსხმელები ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი.
ვიტალი როდონაია, თავის ნათესავთან ზურაბ ფიფიასთან ერთად ოთახში იმყოფებოდა. თავდამსხმელებმა ვიტალი როდონაია ძალით გარეთ გაიყვანეს. მოგვიანებით მისი ცხედარი სახლიდან დაახლოებით 150 მეტრის დაშორებით იქნა ნაპოვნი. როდონაიას 11 ტყვია აქვს მოხვედრილი.
როგორც გამოძიებით იქნა დადგენილი მკვლელობა 02:30 საათზე მოხდა. აფხაზეთის ე.წ. გენპროკურატურის განცხადებით, თავდამსხმელებმა ასევე შემოგარენი დანაღმეს და დისტანციურად მართული ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები დააყენეს.
გალის რაიონის ე.წ. პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრა. აფხაზი სეპარატისტები აცხადებენ, რომ გამოძიების ძირითადი ვერსია არის მკვლელობა, რომელიც საქართველოდან შეგზავნილმა ჯგუფმა განახორციელა.
აფხაზური მხარე ასევე იუწყება, რომ როდონაია ეროვნებით ქართველი იყო აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროს გალის რაიონულ განყოფილებაში მუშაობდა. ე.წ. გენპროკურატურა აცხადებს, რომ "საქართველოს სპეცსამსახურები ქართული ეროვნების იმ ადამიანების განადგურებას ახორციელებენ მიზანმიმართულად, რომლებიც აფხაზეთის სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობენ და ამას იმისთვის აკეთებენ, რომ გალის რაიონის ორგანოებსა და მოსახლეობას შორის ნდობითი ხასიათის ურთიერთობები არ ჩამოყალიბდეს.