ოსურმა მხარემ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის მაცხოვრებლები პაატა ჯავახიშვილი და გიორგი გურგენიშვილი გაათავისუფლა.
პატიმრობიდან გათავისუფლებული პაატა ჯავახიშვილი მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აცხადებს, რომ ქართულ-ოსურმა მხარეებმა დაკავებულები გაცვალეს: საქართველოს 12 მოქალაქის გათავისუფლების სანაცვლოდ ქართულმა მხარემ ოსი ეროვნების 13 მოქალაქე გაათავისუფლა.
"როცა რუსებმა დამაკავეს, ტყეში ფიჩხს ვაგროვებდი. ჯერ ახალგორში წამიყვანეს. დაკითხვის დროს ძალიან აგრესიულები იყვნენ. ახალგორიდან ცხინვალის ციხეში გადაგვიყვანეს. მაგრამ ზეწოლა არ ყოფილა. ჩემთან ერთად კიდევ 15 ქართველი იყო დაკავებული," - განაცხადა პატიმრობიდან გათავისუფლებულმა პაატა ჯავახიშვილმა. მისი თქმით, ამ დროისათვის ცხინვალის ციხეში კიდევ 4 ქართველია დარჩენილი.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ოძისიდან ორი ადგილობრივი: გიორგი გურგენიშვილი და პაატა ჯავახიშვილი 11 ოქტომბერს გაიტაცეს. ისინი ტყეში შეშის მოსაჭრელად იყვნენ წასულები. ოსურმა მხარემ მათ ადმინისტრაციული საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდება წაუყენა.