"საქართველო მომხრეა, რუსეთის ფედერაცია გარდაიქმნას სტაბილურ დემოკრატიულ ქვეყნად", - ამის შესახებ ნათქვამია განახლებულ "საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში".
აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობა ცალკე თავად არის გამოყოფილი და აღნიშნულია, რომ საქართველოს სურვილია, რუსეთთან კეთილმეზობლობის და თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული
ურთიერთობა იქონიოს, რაც ვერ მოხდება რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს
სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის და დეოკუპაციის
პროცესის დაწყების გარეშე.
"საქართველო დაინტერესებულია რუსეთის ფედერაციასთან დიალოგის დაწყებით ამ ფუნდამენტურ საკითხებზე. საქართველო მომხრეა, რუსეთის ფედერაცია გარდაიქმნას სტაბილურ დემოკრატიულ ქვეყნად, რომელიც სხვა ქვეყნებთან ურთიერთობებს სახელმწიფოთა სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიულ ღირებულებებისა და საბაზრო ეკონომიკის პატივისცემის პრინციპებზე დააფუძნებს. რუსეთის ფედერაციის დემოკრატიზაცია და პროგნოზირებადი საგარეო პოლიტიკა დადებით გავლენას მოახდენს საქართველოს რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებაზე", - აღნიშნულია დოკუმენტში.
ამასთან, კონცეფციაში ნათქვამია, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში საქართველოს ინტეგრაცია ხელს შეუწყობს კავკასიაში მშვიდობასა და სტაბილურობას, ეს კი, თავის მხრივ, განაპირობებს რუსეთის ფედერაციის სამხრეთ საზღვრების უსაფრთხოებას, რაც რუსეთის ფედერაციის ინტერესსაც უნდა წარმოადგენდეს.
"საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რუსეთის ფედერაციის
ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში თანამშრომლობის გარემოს და მშვიდობის
ჩამოყალიბებას. საქართველო აცნობიერებს ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებ ხალხებთან ურთიერთობების გაღრმავებისა და განვითარების აუცილებლობას, რაც
ხელს შეუწყობს იქ მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებას
საქართველოს მიზნებთან და პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით, კავკასიაში
ნდობის ატმოსფეროს ჩამოყალიბებას და მშვიდობისა და სტაბილურობის
დამკვიდრებას", - ნათქვამია დოკუმენტში.