ირანის მთებში, კუმასთან სიახლოვეს, ურანის გამდიდრების ქარხნის აღმოჩენამ ნათელი მოჰფინა იმას, რომ მთელი ბოლო ათწლეულის განმავლობაში ირანი თავისი ბირთვული კომპლექსის მნიშვნელოვან ნაწილს ასაიდუმლოებდა და მას მთელს ქვეყანაში არსებულ გვირაბებსა და ბუნკერებში მალავდა. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი "The New York Times"-ი ავრცელებს.
აშშ-ის მთავრობისა და კერძო ექსპერტების აზრით, ამით ირანი ორმაგ მიზანს აღწევდა. იგი ინფრასტრუქტურას მხოლოდ სამხედრო დარტყმისგან როდი მალავდა ლაბირინთებში, იგი თავისი ბირთვული პროგრამის ნამდვილ მასშტაბებსა და ბირთვული პროგრამის ბუნებასაც ასაიდუმლებდა.
"კუმაში ქარხნის აღმოჩენამ მხოლოდ და მხოლოდ გააძლიერა საშიშროება სხვა დაფარული ბირთვული ობიექტების გამო", _ წერს გაზეთი.
ექსპერტების მტკიცებით, ირანში არის ასობით, ათასობით თუ არა სხვადასხვა დანიშნულების გვირაბი და არავინ იცის, ბირთვული პროგრამის რა ნაწილია მიწის ქვეშ დაფარული. აშშ-ის თავდაცვის მინისტრ რობერტ გეიტსს არაერხელ გამოურიცხავს ირანზე სამხედრო დარტყმის შესაძლებლობა. გეიტსი ამტკიცებდა, რომ ამგვარი ზომა ირანის ბირთვული პროგრამის განხორციელებას მხოლოდ 1-3 წლით შეაყოვნებდა და მას მიწისქვეშეთში კიდევ უფრო ღრმად ჩაიყვანდა.
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი ანალიტიკოსი, ამჟამად კი აშშ-ის ნაციონალური თავდაცვის უნივერსიტეტის თანამრომელი რიჩარდ რასელი აცხადებს, რომ ობიექტების მიწის ქვეშ არსებობა მათ მოძებნას ართულებს.
"ჩვენ სახმელეთო ობიექტებს მივეჩვიეთ, ხოლო მიწისქვეშეთი ერთგვარი შავი ხვრელია. შეუძლებელია იცოდე, იქ რა ხდება", _ აცხადებს რასელი.