სეპარატისტულ აფხაზეთში მოქმედი კრიმინალური ავტორიტეტის ვალმერ ბუთბას ცხედარი გალის რაიონის სოფელ მზიურის სასაფლაოზე იპოვეს
ინფორმაციას ამის შესახებ "ლაივ პრესი" ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბუთბასთან ერთად აღმოჩენილია მეორე ცხედარიც, რომელიც ვინმე კვეკვესკირს ეკუთვნის.
სასაფლაო რომელზეც ორი ცხედარი აღმოაჩინეს გალის რაიონში მდებარე რუსული საოკუპაციო სამხედრო შტაბის ახლოს მდებარეობს. დაწყებულია გამოძიება, თუმცა ე.წ. ოფიციალური სტრუქტურები ამ ფაქტის შესახებ განცხადებებს არ აკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ ვალმერ ბუთბა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ვლადისლავ არძინბას დაცვის შტაბის უფროსი იყო. მონაწილეობდა ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში. სერგეი ბაღაფშის დროს კი ბუთბა იარაღის უკანონო ტარებისთვის იყო დაკავებული.
აღსანიშნავია ასევე რომ გალის რაიონის მოსახლეობის ინფორმაციით, ვალმერ ბუთბას სადამსჯელო რაზმი განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა.
ის 2010 წლის 5 მაისს ბათუმში განხორციელებული ტერაქტის ერთ-ერთი ორგანიზატორია, რომლის შედეგადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დაიღუპა.