ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებული სიტუაციის კონტროლს აგრძელებს. ეს განცხადება ექსპერტმა ალან პარასტაევმა გააკეთა და სწორედ ამით ახსნა ის აკრძალვა, რომლის მიხედვითაც მას ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ყოფნა ეკრძალება.
"ჩემი გამოძევების ფაქტმა სამხრეთ ოსეთიდან, იმ ადამიანების გაკვირვებაც კი გამოიწვია, რომლებიც ამ პროცესს ახორციელებდნენ. რეისი ვლადიკავკაზი-ცხინვალის მგზავრებმა კი ყოველივე ამას 1937 წელი უწოდეს. სინამდვილეში სრულიად გაუგებარია თუ ვისთვის წარმოვადგენდი მე საფრთხეს. მე არ ვარ ალა ჯიოევას შტაბის აქტივისტი და ახალი მიტინგების ორგანიზებას ვერ მოვახდენდი. ხოლო როგორც ჟურნალისტისათვის დღეს სამხრეთ ოსეთში არც არაფერი არ ხდება, იმისათვის, რომ ყოველივე ეს ხელისუფლებისათვის "საზიანოდ" გაშუქდეს", _ აცხადებს ალან პარასტაევი და აღნიშნავს, რომ ყოველივე მეტყველებს მხოლოდ ერთზე, "ეს - პროვოკაციაა, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის "სახელმწიფოებრიობის" წინააღმდეგაა მიმართული".
"და ყოველივე კიდევ ერთხელ გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ სამხრეთ ოსეთში არ არის კანონი და სიტყვის თავისუფლება იდევნება. თავისი უარით ჩემთვის სამშობლოში დაბრუნებაზე სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ კარგად აჩვენა, რომ მათი პოლიტიკა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის განდევნასა და სამოქალაქო საზოგადოების დაშინებას ემსახურება", _ აცხადებს პარასტაევი.
მისივე თქმით, ყველაფერი ზემოთნახსენები მეტყველებს იმაზე, რომ კოკოითის რეჟიმი არ იცავს იმ შეთანხმებას, რომელიც მან ალა ჯიოევასთან გააფორმა და იგი "არ აპირებს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებიდან წასვლას და კვლავინდებურად აკონტროლებს სიტუაციას სამხრეთ ოსეთში".
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ოსეთში მაცხოვრებელი პარასტაევი ჩრდილოეთ ოსეთიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთში მომავალი ავტობუსიდან 23 დეკემბერს ჩამოსვეს. პარასტაევის ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მესაზღრეებმა მას ბოდიში მოუხადეს და უთხრეს, რომ მათ მის მიმართ დავალება აქვთ მიღებული, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მის არდაშვებას გულისხმობს.