რუსეთის "სპეცსტროი" 2012 წელს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ექსპლუატაციისთვის ორ სამხედრო ქალაქს ჩააბარებს. ეს განცხადება სპეციალური მშენებლობის ფედერალური სააგენტოს დირექტორმა გრიგორი ნაგიისკიმ გააკეთა.
"ამ სამხედრო ქალაქების ახალმოსახლეები რუსული ბაზის სამხედრო მოსამსახურეები იქნებიან. ეს თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა იქნება. ამისი ანალოგი ჯერჯერობით რუსეთის ტერიტორიაზე არ არის", _ აცხადებს ნაგიისკი.
მისი თქმით, ეს ქალაქები 90 % უკვე მზადაა და მათში 3-იდან 4 ათას სამხედრო მოსამსახურემდე იცხოვრებს.
შეგახსენებთ, რომ ბოლოს, რიგით მე-11 სამხედრო ქალაქი რუსეთმა გაგრის რაიონის ცანდრიფშის დასახლებაში გახსნა. აფხაზეთში რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" სამხედრო ქალაქები გახსნილი აქვს - გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში, გალის რაიონის სოფელ ფიჩორში, ტყვარჩელის რაიონის სოფელ ოქუმში, ასევე სოხუმთან ახლოს, ახალ ათონში. გაგრის რაიონის ცანდრიფშის დასახლებაში. სულ სეპარატისტულ აფხაზეთში რუსეთი კიდევ რამდენიმე ასეთი ქალაქის აშენებას გეგმავს.
რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, იქ შვიდი სამხედრო ქალაქია გახსნილი. სამხედრო ქალაქები ზნაურის რაიონის სოფლებში, ვახტანასა და ბალთაში გაიხსნა.
შეგახსენებთ, რომ ცხინვალის რეგიონში პირველი სამხედრო ქალაქი 2010 წლის 30 ივლისს ცხინვალში მეოთხე რუსული საოკუპაციო ბაზის ტერიტორიაზე გაიხსნა. მეორე და მესამე სამხედრო ქალაქები 2010 წლის 14 დეკემბერს მუგუთისა და ზივლეთის დასახლებულ პუნქტებში, ხოლო მეოთხე სამხედრო ქალაქი - 2011 წლის 5 მარტს ზნაურის რაიონში გაიხსნა. მეხუთე სამხედრო ქალაქი 2011 წლის სოფელ გრომში გაიხსნა.