ოსი სეპარატისტები აცხადებენ, რომ დვანში დღეს გამართულ შეხვედრაზე ქართულ მხარესთან დაკავებულების გაცვლაზე შეთანხმებდნენ. სეპარატისტები შეხვედრას "ნაყოფიერსა და შედეგიანს" უწოდებენ.
ისინი აცხადებენ, რომ შეთანხმების მიხედვით, ქართული მხარე მათ 15 დაკავებულს გადასცემს, მაშინ, როდესაც ისინი სანაცვლოდ მხოლოდ 13 ქართველს გაათავისუფლებენ.
"უახლოეს მომავალში ქართულ მხარეს 13 დაკავებულს გადავცემთ, ჩვენ კი 15 დაკავებულს გადმოგვცემენ", _ აცხადებს პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ოს სეპარატისტთა ლიდერის რწმუნებულის მოადგილე მერაბ ჩიგოევი.
მისი თქმით, შემცირებულია ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ დარღვევის ფაქტები. "სახელმწიფო საზღვარი არსებობს და ამას ორივე სახელმწიფოს მოქალაქეები უნდა აღიარებდნენ", _ აცხადებს ჩიგოევი.
ინფორმაცია 13 ქართველის 15 ოსში გაცვლის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, მოლაპარაკებებზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა შოტა უტიაშვილმა უარყო და განაცხადა, რომ გადასაცემი ადამიანების რაოდენობა ჯერჯერობით შეთანხმებული არ არის და ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა გრძელდება.