საქართველოს შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პოსტკოფლიქტური დარეგულირების საკითხებში ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებულის, ბორის ჩოჩიევის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აცხადებს, რომ მოლაპარაკებები ჯერჯერობით დასრულებული არ არის და ამიტომაც ზუსტი რაოდენობა იმისა, თუ რამდენი ადამიანი გაიცვლება როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან, უცნობია.
"ჯერჯერობით მოლაპარაკებები დაკავებულების გაცვლის შესახებ დასრულებული არ არის, ამიტომაც უცნობია, რამდენი ადამიანი გაიცვლება როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან", _ განაცხადა უტიაშვილმა სააგენტოსთან საუბარში.
შეგახსნებთ, რომ ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებულმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევმა ცხინვალში განაცხადა, რომ საქართველოსთან მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ქართული მხარე ოს სეპარატისტებს დაკავებული 13 საქართველოს მოქალაქის სანაცვლოდ 15 სეპარატისტს გადასცემს.