საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა 2011 წლის მსოფლიო გუნდური ჩემპიონატის მეორე ტურშიც გამარჯვება მოიპოვა და ლიდერობა შეინარჩუნა. თურქეთის ქალაქ მარდინში მიმდინარე ტურნირზე ქართველმა მოჭადრაკეებმა სომხეთის გუნდი ორნახევრით ერთნახევარი დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ თეთრი ფიგურებით ელენა დანიელიანი დაამარცხა, შედეგად კი ლელა ჯავახიშვილის, ბელა ხოტინაშვილისა და ნინო ხურციძის მიერ ყაიმით დასრულებული პარტიები საერთო წარმატებისათვის საკმარისი აღმოჩნდა. ქართველების მსგავსად ორ-ორი მოგება დაუგროვდათ ჩინეთსა და რუსეთს, რომლებიც ასევე ტურნირის სათავეში იმყოფებიან. მესამე ტურში კი რომელიც დღეს გაიმართება ქართველი მოჭადრაკეები ვიეტნამის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.