სეპარატისტულ აფხაზეთში რუსეთის მიერ გამოყოფილი ფინანსური სახსრების დატაცება გრძელდება, ყოველივე ამას რუსეთის საანგარიშო პალატის მიერ გამოქვეყნებული მორიგი დასკვნა მეტყველებს. თუმცა აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ამ დასკვნას არაობიქტურს უწოდებს და აცხადებს, რომ რუსეთის საანგარიშო პალატის მიერ გაკეთებული დასკვნა, რომელშიც 143 მილიონიან დანაკლისზეა საუბარი სინამდვილეს არ შეესაბამება.
"ზუსტად ერთი წლის თავზე, მას შემდეგ რაც რუსეთის საანგარიშო პალატამ დასკვნა დადო და აფხაზეთისათვის გამოყოფილ თანხებში 300 მილიონიანი დასკვნა გამოაქვეყნა, აუდიტორებმა შემოწმების ახალი მონაცემები დადეს. ამ დღეებში რუსული გაზეთები აჭრელებულია სათაურებით, რომელთაგან ყველაზე უწყინარია: აფხაზეთში 143 მილიონი რუბლი დაიკარგა. ერთის მხრივ ეს თითქმის სამჯერ ნაკლებია იმ ციფრზე, რომელიც 2010 წელს იყო და თითქოს პოზიტიური მომენტია, მაგრამ მეორეს მხრივ რუსეთის საანგარიშო პალატის მიერ გაკეთებული დასკვნები იმაზე გაცილებით უფრო მკაცრია, ვიდრე ეს პირველ ანგარიშში იყო. ახალ ანგარიშში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ "აფხაზეთის ხელისუფლება ჯეროვნად არ აკონტროლებს საბიუჯეტო სახსრებს", _ წერს "ეხო კავკაზა".
რუსეთის საანგარიშო პალატა უკმაყოფილოა არა მხოლოდ ფინანსური დახმარების სახსრების ხარჯვის შედეგებით, არამედ აფხაზეთის სოციალ-ეკონომიკური აღდგენის კომპლექსური გეგმის რეალიზებითაც. დადგენილია, რომ 90 ღონისძიებიდან სრული მოცულობით რეალიზებულია მხოლოდ ხუთი, 58 ღონისძიება შესრულების სტადიაში იმყოფება ხოლოდ 27 ღონისძიება საერთოდ არ განხორციელებულა. მომდევნო წელი კი ბოლოა და უკვე 2013 წელს აფხაზეთის სოციალ-ეკონომიკური აღდგენის კომპლექსური გეგმა ისტორიას ჩაბარდება.