ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივითა და ორგანიზებით და რკინიგზის დეპარტამენტის ხელშეწყობით, შიდა ტურიზმისა და მატარებელ "კუკუშკის" პოპულარიზაციის მიზნით, 2010 წლის 7 იანვრიდან ერთი თვის განმავლობაში, დაინიშნება სპეციალური ტური ბაკურიანი-წაღვერი-ბაკურიანი. ტურიზმის დეპარტამენტი საახალწლო საჩუქარს უკეთებს ბავშვებს - აღნიშნულ ტურზე პირველი 3 დღის განმავლობაში (7, 8, 9 იანვარი) გასეირნება უფასო იქნება.
აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავს "კუკუშკის", როგორც ტურისტული პროდუქტის აღდგენას, მის პოპულარიზაციას, რომელიც იქნება კიდევ ერთი საშუალება ამ რეგიონში ტურისტების მოსაზიდად.
მატარებლის ვაგონები იქნება საახალწლოდ გაფორმებული, ტურის პირველი 3 დღის განმავლობაში მგზავრების გართობაზე იზრუნებენ ანიმატორები.
7 იანვარს იგეგმება ტურის საზეიმო გახსნა. ღონისძიებას დაესწრებიან ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე ზაალ აბაზაძე და დეპარტამენტის თანამშრომლები.