ბულატ ოკუჯავას სახელობის მუზეუმი, რომელივ ამჟამად მოსკოვის ოლქში მდებარეობს, მოსკოვში "პოკლონნაია გორაზე" მდებარე გამარჯვების მუზეუმის ფილიალი გახდება. ეს განცხადება დღეს რუსეთის ფედერაციის კულტურის მინისტრმა ალექსანდრე ავდეევმა გააკეთა.
რამდენიმე ხნის წინ ბულატ ოკუჯავას სახელობის მუზეუმი დახურვის პირას იყო. ეს იმან გამოიწვია, რომ მას 2004 წელს სტატუსი შეეცვალა და ფედერალურიდან საოლქო სტატუსი მიენიჭა. მუზეუმი აგრძელებდა ფედერალური ბიუჯეტიდან ყოველწლიური დაფინანსების მიღებას და არ იყო აღრიცხული მოსკოვის ოლქის მთავრობის ბიუჯეტში. აღნიშნული გაუგებრობა იმის გამო შეიქმნა, რომ თავის დროზე ჯეროვნად არ იყო შევსებული ყველა იურიდიული დოკუმენტი, რომელიც მუზეუმის სტატუსის ცვლილებას ასახავდა.
"ვიპოვეთ ვარიანტი, რომელიც ყველასთვის ხელსაყრელია: გადავწყვიტეთ, ბულატ ოკუჯავას სახელობის მუზეუმი პოკლონნაია გორაზე მდებარე გამარჯვების მუზეუმის ფილიალი გავხადოთ, ანუ ფედერალური მუზეუმის სტატუსი მივანიჭოთ", _ განაცხადა ავდეევმა და დასძინა, რომ "ბულატ ოკუჯავას სახელობის მუზეუმი ამიერიდან წესრიგში იქნება და მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ბულატ ოკუჯავას მეუღლეს, ოლგა ოკუჯავას, მუშაობაში", _ განაცხადა რუსეთის კულტურის მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ სულ რამდენიმე ხნის წინ, როდესაც რუსეთში ბულატ ოკუჯავას სახელობის მუზეუმის დახურვის საკითხი დადგა, საქართველოს ხელისუფლებამ მუზეუმის საქართველოში გადმოტანის გამოთქვა მზადყოფნა.
1999 წლიდან ბულატ ოკუჯავას სახელობის მუზეუმს საერთო რუსული სტატუსი ჰქონდა და იგი ფედერალური ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 5 მილიონ რუსულ რუბლს იღებდა. 2004 წელს მუზეუმი ჩართული იყო იმ მუზეუმების ნუსხაში, რომელსაც სტატუსი ეცვლებოდა და ფედერალური სტატუსიდან რეგიონალურ სტატუსზე გადადიოდა. მუზეუმს, სტატუსის შეცვლის მუხედავად, მაინც 5 მილიონი რუსული რუბლი უნდა მიეღო. თუმცა შემდეგ დოკუმენტაცია ჯეროვნად ვერ გაფორმდა.
ოკუჯავას ქვრივი აცხადებს, რომ მითვისა და მუზეუმისთვის მნიშვნელოვანი იყო ფედერალური სტატუსის შენარჩუნება, იმიტომ რომ გარდა მუზეუმის საერთო რუსული მნიშვნელობისა, ეს თანამშრომელთათვის ხელფასების დროულად გადახდის გარანტი იქნებოდა.
მუზეუმი ორ ნაწილად იყოფა. მის პირველ ნაწილში სრულადაა დაცული ოკუჯავას მიერ შეგროვებული ზანზალაკების კოლექცია. პირველი ანუ მემორიალური ნაწილი მიძღვნილია პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწობისადმი, მეორე ნაწილს კი "მუზეუმი მეგობრებისათვის" ეწოდება და ეს ნაწილი ოკუჯავას გარემოცვასა და მისი ეპოქისადმია მიძღვნილი. ბულატ ოკუჯავას სახელობის მუზეუმში ტარდება პოეტების, მწერლებისა და ყველა თაობის ხელოვანი ხალხის კლუბური შეხვედრები. მიმდინარეობს სამეცნიერო საქმიანობა, მიდის ოკუჯავას არქივების შესწავლა. ტარდება სამეცნიერო კონფერენციები, მათ შორის საერთაშორისო.
წელს ბულატ ოკუჯავას სახელობის მუზეუმს 10 წელი შეუსრულდა.