საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ნაკრების სერბ მწვრთნელთან, იგორ კოკოშკოვთან, დღეს ახალი კონტრაქტი გააფორმა, სისტემით - 2+2. კონტრაქტს ხელი კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ბესიკ ლიპარტელიანმა და იგორ კოკოშკოვმა მოაწერეს.
ფედერაციის პრეზიდენტ, ბესიკ ლიპარტელიანის გასული 4 წლის განმავლობაში იგორ კოკოშკოვმა ნაყოფიერად იმუშავა და მასთან თანამშრომლობის გაგრძელება სწორი გადაწყვეტილებაა.
"მომავალ გეგმებს რაც შეეხება, ნაკრების გაახალგაზრდავებას ვგეგმავთ, რაც იმედია, სლოვენიაში, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრაში დაგმეხმარება", - განაცხადა ლიპარტელიანმა.
იგორ კოკოშკოვის თქმით კი, ის ეცდება, რომ საქართველოს ნაკრებმა ყველა შეხვედრა მოიგოს.
"საქართველოში ყოფნა ძალიან მიხარია. ასე მგონია, სამშობლოში ვარ. კონტრაქტს, რაც შეეხება ეს უბრალო ფორმალობაა. ჩვენ ძველ რეჟიმში განვაგრძობთ მუშაობას და ვეცდებით, ყველა შეხვედრა მოვიგოთ. 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე საკმაოდ ძლიერი გუნდები იასპარეზებენ, თუმცა, იმედია, მიღწეულ შედეგს გავაუმჯობესებთ, რადგან მოლოდინი დიდია და უარეს შედეგს საზოგადოება არ გვაპატიებს", - განაცხადა კოკოშკოვმა.
სერბი სპეციალისტი საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს სათავეში 2008 წლიდან უდგას. მისი ხელმძღვანელობით ნაკრები ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე კონტინენტის 12 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.