ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები პრეზიდენტ სააკაშვილსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის უახლოეს მომავალში გაიმართება.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, კანდიდატები შეთანხმების მიხედვით წარედგინება განსახილველად ცესკოში მყოფ ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებს და მათი მხრიდან მოხდება ცესკოს თავმჯდომარის არჩევა.
ცესკოს თავმჯდომარის დასამტკიცებლად ცესკოს წევრთა 4 ხმაა საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ თავმჯდომარეს ცესკო ვერ აირჩევს, მაშინ საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დამტკიცება პარლამენტს მოუწევს.
"დოკუმენტების მიღება 31 დეკემბრიდან დაიწყო და 8 იანვრამდე გაგრძელდება. დოკუმენტების მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ საკონკურსო კომისია ერთ ვაკანტურ ადგილზე სამ კანდიდატს შეარჩევს, წარუდგენს პრეზიდენტს და აქედან უკვე ორ კანდიდატს პრეზიდენტი არაუგვიანეს 11 იანვრისა, პარლამენტს გააცნობს. რაც შეეხება უკვე ცესკოს თავმჯდომარეს, საერთო შეთანხმების მიხედვით უნდა შედგეს პრეზიდენტსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის კონსულტაციები. შეირჩევა სამი კანდიდატი, ეს კანდიდატები ასევე შეთანხმების მიხედვით წარედგინება განსახილველად ცესკოში მყოფ ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებს და სწორედ მათი მხრიდან მოხდება ცესკოს თავმჯდომარის არჩევა. საჭიროა 4 ხმა იმისათვის, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე არჩეული იყოს. იმ შემთხვევაში, თუ ეს ოთხი ხმა ვერ მოგროვდება, მაშინ უკვე პარლამენტს აქვს უფლებამოსილება, მიიღოს და დაამტკიცოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე", _ განაცხადა მანჯგალაძემ.