ევროსაბჭოს რეზოლუციის დრაფტში წერია, რომ საპარლამენტო ასამბლეა ადასტურებს 2025 წლის იანვრის რეზოლუციას და სწორედ იანვრის რეზოლუცია არის მიზეზი, რის გამოც შევაჩერეთ ასამბლეაში საქმიანობა, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროსაბჭოს რეზოლუციის ავტორებს არანაირი სურვილი არ აქვთ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობისა და დიალოგის.
„რეზოლუციის ის პირველადი ვერსია, რომელიც ჩვენ ვნახეთ ფაქტობრივად არ განსხვავდება წინა ვერსიებისგან. იქ საერთოდ არ არის ასახული განვითარება, რომელიც საქართველოში ბოლო 12 თვის განმავლობაში მოხდა. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ამ რეზოლუციის ავტორებს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც ხმას ამ რეზოლუციას მისცემენ, არანაირი სურვილი არ აქვთ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის ან დიალოგის. ნათლად გამოჩნდა ისიც, რომ მათი ვიზიტი, რომელიც აქ შედგა არაფრის მომტანი იყო. ეს იყო უბრალოდ ვიზიტი, რომ მათ ანგარიშში ჩაეწერათ, საქართველოში ყოფნა.
ეს რეზოლუცია სრულიად გააქარწყლებს იმ განცხადებებს, რომლებითაც ჩვენ მოგვმართავენ ხოლმე სხვადასხვა საპარლამენტო ფორუმებზე, რომ მათ სურთ, საქართველოს დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სამუშაოდ დაბრუნდეს. ამ რეზოლუციის დრაფტში წერია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ადასტურებს 2025 წლის იანვრის რეზოლუციას და 2025 წლის იანვრის რეზოლუცია არის სწორედ მიზეზი, რის გამოც ჩვენ შევაჩერეთ ასამბლეაში ჩვენი საქმიანობა. აქედან გამომდინარე, საერთოდ აზრი ეკარგება და არანაირი გამართლება აღარ აქვს უკვე მათ მოთხოვნას, რომ საქართველო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნდეს. 2025 წლის იანვრის შემდეგ უკვე წელიწად-ნახევარი გავიდა და წელიწად-ნახევრის შემდეგ ისევ წინა რეზოლუციის ჩანაწერს ადასტურებენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადაწყვეტილებას ჩვენი და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღებთ. რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტილება იქნება ის, რომ ჩვენ არ დავბრუნდებით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ვიდრე ჩვენი დელეგაციის მანდატები არ იქნება სრულყოფილად და უპირობოდ ცნობილი“, – განაცხადა სამხარაძემ.
ცნობისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დღეს საქართველოს შესახებ დებატებს გამართავს და რეზოლუციას უყრის კენჭს. ანგარიშს -„დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში“ – მომხსენებლები ედიტე ესტრელა (პორტუგალია, SOC) და საბინა ჩუდიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ALDE) წარადგენენ. რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა განუწყვეტლივ გრძელდება, ისევე როგორც გრძელდება სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ მიმართული ზეწოლა. დოკუმენტის თანახმად, ასამბლეის არცერთი სასწრაფოდ შესასრულებელი რეკომენდაცია არ არის გათვალისწინებული.