ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მომავალ კვირას ერევანს ეწვევა და მაღალი დონის მოლაპარაკებებს გამართავს სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
ფონ დერ ლაიენის ვიზიტი ევროკომისიის ახალი განცხადების შემდეგ შედგება, რომლის თანახმადაც, ბრიუსელმა სომხეთს 34 მილიონი ევრო გამოუყო ქვეყნის კერძო სექტორზე რუსეთის სავაჭრო შეზღუდვების ზემოქმედების შესამსუბუქებლად.
„სავაჭრო შეზღუდვებით დაზარალებულ სექტორებს, მათ შორის აგროსასურსათო პროდუქტებს, ყვავილების წარმოებას და სხვა ექსპორტზე ორიენტირებულ ინდუსტრიებს, დამატებითი მხარდაჭერა გაეწევათ სავაჭრო ინიციატივების, ბიზნესშ ეთანხმებების ღონისძიებებისა და ბაზარზე წვდომის მიზნობრივი ინიციატივების მეშვეობით“, – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.
ვიზიტი იმ პერიოდში იგეგმება, როდესაც ევროკავშირი სომხეთისთვის ახალ დახმარების პაკეტს ამზადებს და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას ცდილობს. მოლაპარაკებების მთავარი თემა იქნება ევროკავშირი-სომხეთის ურთიერთობების გაძლიერება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ფაშინიანმა ბოლო არჩევნებში, წყაროების შეფასებით, მკაფიო პროდასავლური მანდატი მიიღო.
ეს ვიზიტი ბრიუსელის მცდელობების კიდევ ერთ ნაბიჯად განიხილება სამხრეთ კავკასიაში ჩართულობის გასაფართოებლად, რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე.