საქართველოს ჩემპიონი "არმია" ფიბა-ს ევროჩელენჯის გათამაშებას გამოეთიშა. "არმია" გამაწყვეტ მატჩში, ჰოლანდიაში "ლეიდენთან" 59:76 დამარცხდა. ქართული საკალათბურთო გუნდი შემდეგ ეტაპზე იმ შემთხვევაშიც გავიდოდა, თუ 3-ქულიან სხვაობაზე მეტით არ დამარცხდებოდა, თუმცა "არმია" 17 ქულით დამარცხდა.
არმიელთაგან ათქულიან ზღვარს ჯერემი რიჩარდსონმა (17), ბენ ვუდსაიდმა (16) და უილ ტომასმა (11) გადააჭარბეს.
ქართულ კლუბს "ლეიდენის" მსგავსად 3-3 მოგება-წაგება დაუგროვდა, მაგრამ ჰოლანდიურ კლუბს ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგით ჩამორჩა და ჯგუფში მეორე ადგილიც დათმო.
ჰოლანდიელებთან ერთად, ევროჩელენჯის მეორე ჯგუფურ ეტაპზე სტამბულის "ბეშიქთაშმა" გააღწია, რომელმაც დასკვნით ტურში გერმანიაში "გიოტინგენი" 96:59 გაანადგურა და ასპარეზობა ასპროცენტიანი შედეგით დაასრულა.