ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ლიდერი ალა ჯიოევა მიიჩნევს, რომ გენერალური პროკურორისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დატოვებაზე სრული პასუხისმგებლობა ე.წ. რესპუბლიკის "პარლამენტს" ედება ბრალად.
მისივე თქმით, ზოგ პარლამენტარს, "რესპუბლიკაში სტაბილურობა არ სურს და ისინი აკეთებენ ყველაფერს იმისათვის რათა სიტუაცია დაძაბონ".
"ჩვენი ოპონენტების მოქმედებაზე პასუხი რუსულმა მხარემ აგოს. რუსული მხარე იყო გარანტი 9 დეკემბერს რესპუბლიკაში არსებული სიტუაციის დარეგულირების შესახებ ედუარდ კოკოითსა და ალა ჯიოევას შორის ხელმოწერილი შეთანხმების შესრულებისა და მისი ერთ-ერთი მთავარი პუნქტის დარღვევაზე პასუხიც მან უნდა აგოს", _ აცხადებს ალა ჯიოევა და ასევე აღნიშმავს, რომ იგი თავის მომხრეებს შეკრიბავს და მომავალი მოქმედების გეგმას დასახავს.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ალა ჯიოევამ ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე შეკრებული თავისი მომხრეების დაშლის პირობად ოს სეპარატისტთა ლიდერის ედუარდ კოკოითის თანამდებობიდან წასვლა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გენერალური პროკურორისა და ე.წ. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობებიდან გათავისუფლება მოითხოვა. მოლაპარაკებებს ალა ჯიოევასა და ედუარდ კოკოითის შორის რუსეთის პრეზიდენტს წარგზავნილი ე.წ. სამხრეთ ოსეთში სერგეი ვინოკუროვი შუამავლობდა. ედუარდ კოკოითი თანამდებობიდან 10დეკემბერს გადადგა, მანამდე კი დაწერა ბრძანებულებები ამ ორი თანამდებობის პირის გათავისუფლების შესახებ და ე.წ. პარლამენტში გააგზავნა დასამტკიცებლად. ალა ჯიოევამ ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე თავისი მომხრეები დაშალა. ე.წ. პარლამენტმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.