ცხინვალში ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტის" მოვალეობის შემსრულებლის, ვადიმ ბროვცევის, ოპოზიციის ლიდერის, ალა ჯიოევასა და მისი მომხრეების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
"ჩვენ კოსტრუქციულად ვისაუბრეთ. ორივე მხარე მიმართავს თავიანთ ძალისხმევას, რათა ჩვენი რესპუბლიკის მოსახლეობას პოზიტიური ცვლილებების გარანტია მისცეს. ეს იყო ის, რაზედაც ჩვენ დღეს ვისაუბრეთ", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯიოევამ.
მისი თქმით, ჯიოევამ აღნიშნა, რომ არავითარი დაპირებები შეხვედრაზე მიცემული არ ყოფილა. "ნაჩქარევად მიცემული დაპირებები შედეგის მომტანი არ არის. ერთი კვირის შედეგ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს და ამ წინადადებებს განვიხილავთ".
ჯიოევამ ასევე აღნიშნა: "ჩვენი მაკონსოლიდირებელი ძალა რუსეთის საპრეზიდენტო პოსტზე ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერა იქნება. მიმაჩნია, რომ ამ მოძრაობაში გაწევრიანდება ყველა, ვინც კი ამჟამად ბარიკადების სხვადასხვა მხარეს დგას. ეს ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა".
შეხვედრის დასრულების შემდეგ ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტის" მოვალეობის შემსრულებელმა ვადიმ ბროვცევმა განაცხადა, რომ იგი ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ წინადადებებს სერიოზულად განიხილავს.