დღეს, 14 დეკემბერს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი მე-18 რაუნდი გაიმართება.
ოსი და აფხაზი სეპარატისტები აცხადებენ, რომ ჟენევაში საქართველოსთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებას კვლავ მოითხოვენ. მოლაპარაკებათა ამ რაუნდზე არსებობს საფრთხე იმისა, რომ ოსმა სეპარატისტებმა ჟენევის მოლაპარაკებებეში მონაწილეობა შეაჩერონ. ეს განცხადება ოს სეპარატისტთა ყოფილი ლიდერის, ედუარდ კოკოითის ე.წ. რწმუნებულმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევმა გააკეთა.
ჩოჩიევის თქმით, არის ალბათობა იმისა, რომ სამხრეთ ოსეთი დისკუსიებში მონაწილებისაგან დროებით თავს შეიკავებს, "ვიდრე საქართველოს ხელისუფლების სათავეში სააკაშვილი იმყოფება და მანამ ვიდრე ქართული მხარე არ იქნება მზად, სამხრეთ ოსეთს ძალის გამოუყენებლობის გარანტია მისცეს".
აფხაზური და ოსური მხარეები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე არც დევნილების საკითხის განხილვაში აპირებენ მონაწილეობის მიღებას. ეს განცხადება აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ გააკეთა.
"საერთოდ არ ვაპირებთ მოლაპარაკებების მოსალოდნელ რაუნდზე დევნილების საკითხის განხილვას, სამაგიეროდ, მზად ვართ მთელი რიგი სხვა, მაგალითად ჰუმანიტარული ხასიათის საკითხების განხილვაში მონაწილეობისათვის", _ განაცხადა ჩირიკბამ.
მისი თქმით, აფხაზური მხარე მოლაპარაკებებზე დააყენებს აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეების საკითხს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების მიერ არიან დაკავებულნი და მათთან დამოუკიდებელ ექსპერტებს მისვლის საშუალებას არ აქვთ. "ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა და ჩვენ ამ საკითხს ჟენევის მოლაპარაკებებზე აუცილებლად დავაყენებთ", _ განაცხადა ჩირიკბამ.
მისი თქმით, აფხაზეთის მთავარი მიზანი "საქართველოსთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებაა".
"თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმება ჩვენი მიზანია. მისკენ ჩვენ უკვე საკმაოდ დიდი ხანია მივდივართ. თუმცა აფხაზეთსა და საქართველოს შორის არსებული პრობლემის ხასიათის გათვალიწინებით, ძნელია იფიქრო, რომ ამ მიმართულებით რაიმე სახის გარღვევა იქნება", _ განაცხადა ჩირიკბამ.
თუმცა მისი თქმით, აფხაზეთი მზად არის იმის განსახილველად რაც საქართველოსა და აფხაზეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების მიღწევის გზაზე დევს.
"ეს ყველაზე მთავარი მიზანი და აზრია ჟენევის მოლაპარაკებებისა და სწორედ ამიტომაც ვმონაწილეობთ მათში", _ განაცხადა ჩირიკბამ.