ცხინვალში უცნობმა პირებმა ოპოზიციის ლიდერის ალა ჯიოევას მომხრის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილი მაღალჩინოსნის ანატოლი ბარანკევიჩის კუთვნილი ავტომობილი "ნივა" დაწვეს.
"იმის შესახებ, რომ ჩემი ავტომობილი იწვის მე მეზობლებმა მაცნობეს. ეს ამ დილით მოხდა. ავტომობილს ძრავა აქვს დამწვარი. ჩვენ ავტომობილი რემონტისათვის გადავიყვანეთ, რომ გავიგოთ ექვემდებარება თუ არა იგი აღდგენას", _ აცხადებს ანატოლი ბარანკევიჩი.
მისივე თქმით, მან აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცავ ორგანოებში განცხადება უკვე დაწერა.
აღსანიშნავია, რომ დღეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ლიდერის ალა ჯიოევასა და ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ვადიმ ბროვცევის შეხვედრა უნდა შედგეს. შეხვედრაზე, როგორც მოსალოდნელია ოპოზიცია დააყენებს მოთხოვნას ბარანკევიჩის ე.წ. ვიცე-პრემიერად დანიშვნის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი 10 დეკემბერს თანამდებობიდან გადადგა.