ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტის" მოვალეობის შემსრულებლის ვადიმ ბროვცევისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო, გადაიდო. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა ხვალ, 17:00 საათზეა დაგეგმილი.
ოპოზიციის ლიდერის, ალა ჯიოევას შტაბში აცხადებენ, რომ შეხვედრაზე ცხინვალის რეგიონში არსებული სიტუაციის სტაბილურობისკენ მიმართული ნაბიჯების განხილვა მოხდება. ამას გარდა, ოპოზიცია ბროვცევთან შეხვედრაზე ასევე აპირებს დააყენოს საკითხი თავისი ერთ-ერთი ლიდერის ანატოლი ბარანკევიჩის ე.წ. მთავრობაში შეყვანის შესახებ. ოპოზიცია ბარანკევიჩისათვის ე.წ. ვიცე-პრემიერის თანამდებობის მოთხოვნას აპირებს.
შეგახსენებთ, რომ ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ თანამდებობა 10 დეკემბერს დატოვა. მის მოვალეობას 11 დეკემბერიდან ე.წ. პრემიერ-მინისტრი, ჩელიაბინსკელი ვადიმ ბროვცევი ასრულებს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება და ოპოზიცია წინააღმდეგობის დასრულებაზე შეთანხმდნენ. განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში 2012 წლის 25 მარტს გაიმართება და მასში მონაწილეობას ალა ჯიოევაც მიიღებს. მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებას კოკოითიმ ხელისუფლების გამარჯვება უწოდა. მისი თქმით, შესაძებელი გახდა სისხლისღვრის თავიდან აცილება და "ნარინჯისფერ რევოლუციასთან" გამკლავება. ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ალა ჯიოევამ გაიმარჯვა. სასამართლომ არჩევნების შედეგები გააუქმა და განმეორებითი არჩევნები 2012 წლის 25 მარტს დანიშნა.