სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საიმიგრაციო სამსახურმა საფრთხის შემცველი ინფექციური დაავადებების გამო აფხაზეთის ტერიტორიიდან სომხეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის 12 მოქალაქე გააძევა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
"საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენლების თანხლებით, ეს ადამიანები რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე გადაიყვანეს, რომელიც მათ ასევე მეთვალყურეობის ქვეშ გადაკვეთეს", _ იუწყება აფხაზური მხარე.
სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საიმიგრაციო სამსახურმა მუშაობა 2011 წლის აპრილში დაიწყო. მთელი ამ დროის განმავლობაში საიმიგრაციო აღრიცხვაზე აყვანილია ბალტიის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, სომხეთის, ტაჯიკეთის, კამერუნის, კონგოს, ჩინეთისა და სხვა ქვეყნების 5 111 მოქალაქე, რომლებიც აფხაზეთში სამუშაოდ იყვნენ ჩასულნი.
"216 ადამიანი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უკვე გააძევეს აფხაზეთის ტერიტორიიდან, მათ შორის საქართველოს 16 მოქალაქე იყო. აქედან 5 "სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის" მუხლით გასამართლდა. ჩვენ მზად ვართ გაძევებული ადამიანები კვლავ დავაბრუნოთ აფხაზეთში ერთი წლის შემდეგ იმ შემთხვევაში თუ ისინი წარმოგვიდგენენ საერთაშორისო სერთიფიკატს იმ დაავადების არქონის შესახებ რომლის გამოც ისინი გაძევებულ იქნენ აფხაზეთიდან", _ იუწყება აფხაზური მხარე და აღნიშნავს, რომ მიგრანტებმა აფხაზეთის ბიუჯეტში დაახლოებით 7 მილიონი რუბლი შეიტანეს გადასახადის სახით, რომელიც მათ ნებართვის აღებაში გადაიხადეს.