ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტობის" ყოფილი კანდიდატი ალა ჯიოევა აცხადებს, რომ მზად არის დროებით, 25 მარტის ხელახალ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდეს. ეს განცხადება ჯიოევამ ცხინვალში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გააკეთა.
"ჩვენ გვთავაზობენ გენპროკურორის გადადგომას. პრეზიდენტის გადადგომის შესახებ საუბარი არ მიდის. დღეს მე შემიძლია გითხრათ, რა ვარიანტები შევთავაზეთ გუშინ. ედუარდ კოკოითიმ ცივილიზებულად უნდა გადმომცეს ხელისუფლება და რადგანაც ასე არ მოვწონვარ ვიღაცას, 25 მარტის არჩევნებს მოვამზადებ. ანუ ამ პერიოდში არჩევნებამდე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ვიქნები. ეს იქნებოდა კომპრომისი, რომელიც ყველასთვის ხელსაყრელია და ეს მოგვცემდა საშუალებას, ნაწილობრივ მაინც გვეცა პატივი იმ 17 ათასი ამომრჩევლისთვის, რომლებმაც მე მომცეს ხმა", _ განაცხადა ჯიოევამ ცხინვალში და აღნიშნა, რომ მოლაპაკებებზე მისთვის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ყოფნა არავის შეუთავაზებია.
ჯიოევა აცხადებს, რომ კონსულტაციები ცხინვალში ხვალ გაგრძელდება და თუ შედეგი მიღწეული ვერ იქნა, მაშინ შაბათს მისი "ინაუგურაცია" გაიმართება.