სეპარატული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა კვლავ სტანისლავ ლაკობამ დაიკავა. შესაბამის განკარგულებას ხელი აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა უკვე მოაწერა. ე.წ. აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ლაკობამ ამ თანამდებობაზე ოთარ ხეცია შეცვალა, რომელსაც სერგეი ბაღაფშის "მთავრობაში" შს მინისტრის თანამდებობა ეკავა, შემდეგ კი ე.წ. უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობდა.
შეგახსენებთ, რომ სტანისლავ ლაკობა აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი 2005 დან 2009 წლამდე იყო. მან თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება 2009 წლის ზაფხულში დაწერა. თავისი გადაწყვეტილება მან მაშინ აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებული უთანხმოებებით ახსნა. კანონში შეტანილ მაშინდელი ცვლილებების შესახებ, ოპოზიცია აცხადებდა, რომ შესწორებები აფხაზეთში მაცხოვრებელ ქართველებს "აფხაზეთის მოქალაქეობის" მიღებისა და პარალელურად საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საშუალებას აძლევდა. საბოლოო ჯამში ოპოზიციის ზეწოლით ამ კანონპროექტის ანულირება მოხდა.