აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი საქართველოდან შესული ტვირთების ლეგალიზებასა და აფხაზური მხრიდან საბაჟო კონტროლის დაწესებას აუცილებლობად მიიჩნევს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
ანქვაბი აცხადებს, რომ მომხრეა საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე აფხაზური საბაჟო სამსახურები დაბრუნდნენ და ე.წ. რესპუბლიკაში შეტანილი ტვირთების გაფორმება და საბაჟო გადასახადის გადახდა მოხდეს.
"საიდულო არ არის, რომ მაღაზიების დახლებზე და ბაზარში ძალიან ბევრი ხილბოსტნეული და სახალხო მოხმარების სხვა საქონელია, რომელიც ჩვენთან ქართულ-აფხაზური საზღვრის გავლით ხვდება. სახელმწიფოს კი ამ ტვირთბრუნვისგან არავითარი შემოსავალი არ აქვს", - განაცხადა ანქვაბმა და აღნიშნა, რომ რაც შეეხება საზღვრისპირა ვაჭრობას, "ის მთელს მსოფლიოშია - ან კონტრაბანდული ან ლეგალური. უნდა ავირჩიოთ რა არის უკეთესი სახელმწიფოსათვის".
ალექსანდრე ანქვაბმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო სტრუქტურები საქართველოს მხრიდან აფხაზეთში შეტანილი ტვირთების არავითარ აღრიცხვას არ აწარმოებენ და კონტარაბანდით ცალკეული მოქალაქეები სარგებლობენ.