ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტობის" ექს-კანდიდატი, ოპოზიციის ლიდერი ალა ჯიოევა მოსკოვის ემისართან ცხინვალში მიმდინარე მოლაპარაკებებზე მიღწეულ პროგრესზე პირველად საუბრობს.
დღეს, ორდღიანი შესვენების შემდეგ, ცხინვალში ოპოზიციასა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები განახლდა. მოლაპარაკებები ჯიოევასა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წამომადგენელს სერგეი ვინოკუროვს შორის მიმდინარეობდა. ჯიოევას მხრიდან მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობს გენერალი ანატოლი ბარანკევიჩი.
"პირველად, კონსულტაციების დაწყების დღიდან, პოზიტივით ვბრუნდებით. ჩვენ ვუსმენდით და ჩვენიც გაიგონეს. იმედი გაქვს, რომ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი უფრო პოზიტიური იქნება", _ განაცხადა ჯიოევამ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ და აღნიშნა, რომ ხვალ მოლაპარაკებები გაგრძელდება.
ჯიოევა აცხადებს, რომ მისთვის მისაღები ვარიანტი იქნება, თუ ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი თანამდებობას დატოვებს, ვინაიდან მისი უფლებამოსილების ვადა უკვე ამოიწურა და ცხინვალის რეგიონს ე.წ. პრემიერ-მინისტრი ვადიმ ბროვცევი უხელმძღვანელებს. რომელიც თავის მხრივ, 2012 წლის 25 მარტს დანიშნული განმეორებითი "არჩევნებისთვის" პირობებს მოამზადებს.
"ეს ნორმალური ვარიანტი და ის ჩვენთვის მისაღებია", _ განაცხადა ჯიოევამ, რომელიც ადრე აცხადებდა, რომ მხოლოდ თავისი გამარჯვების აღიარებას დასთანხმდება.