ინვესტორებთან ურთიერთობაზე ამიერიდან "საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია" იზრუნებს. ახლად დაფუძნებულ ასოციაციაში უახლოეს დღეებში 40-მდე კომპანია გაწევრიანდება. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" "საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის" გენერალურმა მდივანმა თამაზ შავაძემ განუცხადა ასოციაციამ საქმიანობა აჭარიდან დაიწყო და მისი სათაო ოფისიც ბათუმში განთავსდა, თუმცა უახლოეს ხანებში ბიზნესგაერთიანება საკუთარ წარმომადგენლობას საქართველოს ყველა რეგიონში გახსნის.
"ასოციაციაში ძირითადად მსხვილი კომპანიები გაწევრიანდებიან, რომელთა მიერ განხორციელებული ინვესტიცია 100 ათას დოლარს აჭარბებს და იმავდროულად საკუთარ წარმოებაში 30 ადამიანზე მეტი ყავთ დასაქმებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალ ინვესტორებთან ურთიერთობა რათა მათ დროულად და ოპერატიულად მივაწოდოთ ნებისმერი ინფორმაცია"- აცხადებს თამაზ შავაძე.
"საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციამ" უცხოელ ინვესტორებთან კონსულტაციები უკვე დაიწყო, რათა საბოლოოდ ჩამოყალიბდეს ის სტრატეგია, რომელსაც ასოციაცია ბიზნესა და ხელისუფლებას შორის თანამშრომლობისათვის გამოიყენებს.
ასოციაციაში გასაწევრაინებლად თითოეულ ინვესტორს პირველადი შენატანის სახით 2 ათასი დოლარის და ხოლო ყოველთვიურად 200 დოლარიანი საწევროს გადახდა მოუწევს"- აცხადებს თამაზ შავაზე.
ახლად დაფუძნებული "საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია" თანამშრომლობას ყველა იმ ბიზნესგაერთიანებასთან აპირებს, რომლებიც ქვეყანაში ბიზნესსა და მთავრობას შორის ერთგვარი შუამავლის როლს ასრულებენ.