ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტობის" ყოფილი კანდიდატი ალა ჯიოევა აცხადებს, რომ ე.წ. ხელისუფლების მხრიდან მის მომხრეთა მიმართ რეპრესიები დაიწყო.
"ჩვენი ორი მომხრე თითქოს იარაღის უკანონო შენახვის გამო დაიჭირეს, რამდენიმე ჩემი მომხრე ასევე დაკავებულია ჩრდილოეთ ოსეთში და ჩვენ არ გვაქვს არავითარი გარანტია იმისა, რომ ეს არ გაგრძელდება და რომელიმე ჩვენთაგანს ნარკოტიკებს ან იარაღს არ ჩაუდებენ", _ განაცხადა ჯიოევამ ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას.
ამას გარდა, ჯიოევამ ოს სეპარატისტთა ლიდერს ედუარდ კოკოითის მოუწოდა, სიმამაცე გამოიჩინოს და განაცხადოს, რომ მან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.
"ჩვენ მზად ვართ თქვენთან ყოველგვარი დიალოგისთვის. მოლაპარაკე მხარეები შეხების წერტილს იპოვიან. მე კი ვერავინ გამტეხს და ბოლომდე, გამარჯვებამდე ვიდგები. არ არის ისეთი ძალა, რომელსაც ძალუძს შემაშინოს და თუ საჭიროა სისხლი, დაე, ეს ჩემი სისხლი იყოს, მაგრამ მიატოვეთ ხალხის დაშინება და მუქარა", _ აცხადებს ჯიოევა.