"სამხრეთ ოსეთის უზენაესმა სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმება სამართლიანად მიიჩნია, ამიტომაც სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ ექს-კანდიდატის ალა ჯიოევას ყველა დანარჩენი მოქმედება უკანონო იქნება", _ ეს განცხადება ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა გააკეთა.
"ჩვენ მზად ვართ ოპოზიციასთან დიალოგის გასაგრძელებლად თუნცა არ დავუშვებთ, რომ მათ მსგავს ქმედებებს მიმართონ (გენპროკურორის ბინის დაცხრილვა) და არავითარ თვითგამოცხადებულ სტრუქტურებს არ მივცემთ საშუალებას რესპუბლიკაში არსებული სიტუაციის დესტაბილიზება მოახდინონ", _ აცხადებს ოს სეპარატისტთა ლიდერი.
მისივე თქმით, მან ე.წ. შს მინისტრს სუტუაციის პირად კონტროლზე აყვანა უკვე დაავალა.
"ბინის დაცხრილვის ფაქტი გამოძიებული უნდა იყოს. ჩვენ ყველაფერ უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რესპუბლიკაში სიტუაციის დესტაბილიზება არ დავუშვათ", _ აცხადებს ედუარდ კოკოითი.
შეგახსნებთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტობის კანდიდატი" ალა ჯიოევა თავისთვის და თავისი მომხრეებისათვის რუსეთში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას აპირებს, ამავე დროს ალა ჯიოევა 10 დეკემბერს საკუთარი "ინაუგურაციის" ჩასატარებლად ემზადება ვინაიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში თავს გამარჯვებულად მიიჩნევს.