ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელმა სახელმწიფომ რუსეთის ფედერაციასთან არსებული "სახელმწიფო საზღვრის" დროებით ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"აღნიშნული ზომა განპირობებულია რესპუბლიკაში შექმნილი მდგომარეობით და პროვოკაციების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად. ეს ზომა დროებითი ხასიათისაა და მოქალაქეებმა, რომლებიც საზღვრის გავლით დადიან, დროებით მგზავრობისგან თავი უნდა შეიკავონ", _ განუცხადეს რუსულ მედიას ე.წ. რესპუბლიკის ე.წ სამართალდამცავ ორგანოებში.
შეგახსენებთ, რომ ახლახანს ასევე ცნობილი გახდა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი" და ოპოზიციის ლიდერი ალა ჯიოევა თავისთვის, თავისი მომხრეებისათვის და თავისი ამომრჩევლებისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას რუსეთში აპირებს.
აღსანიშნავია, რომ დღეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა არჩენების შესახებ გამოტანილი განაჩენი ძალაში დაეტოვებინა და 27 ნოემბერს ე.წ. სამხრეთ ოსეთის "საპრეზიდენტო არჩევნები" კიდევ ერთხელ ბათილად ეღიარებინა. განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 2012 წლის 25 მარტსაა დანიშნული.