ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი აცხადებს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის საშინაო საქმეებში საქართველო ერევა. მისივე თქმით, სამხრეთ ოსეთში ამჟამად განვითარებულ მოვლენებს საქართველოს სპეცსამსახურები წარმართავენ.
"უკვე დადასტურებულია, რომ სამხრეთ ოსეთში მიმდინარე "ნარინჯისფერ რევოლუციას" საქართველოს სპეცსამსახურები აფინანსებენ. მე, როგორც პრეზიდენტი ვაცხადებ, გარანტიას ვიძლევი სამხრეთ ოსეთის უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი შესრულდება და ხელისუფლების მიერ გაცემული პასუხი პროვოკატორების მიმართ გადამწყვეტი და ხისტი იქნება, ოღონდ კანონის ფარგლებში", _ აცხადებს ოს სეპარატისტთა ლიდერი და ასევე აღნიშნავს, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც "უკანონო სტრუქტურებს ქმნის და სისხლისღვრისკენ აკეთებს მოწოდებებს პასუხისგებაში იქნება მიცემული".
შეგახსნებთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის უზენაესმა სასამართლომ 27 ნოემბერს ჩატარებული ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნები" ბათილად დღეს კიდევ ერთხელ აღიარა.