ე.წ. სამხრეთ ოსეთის უზენაესი სასამართლოს შენობა, რომელშიც დღეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტობის კანდიდატის" და ოპოზიციის ლიდერის ალა ჯიოევას სარჩელის განხილვა უნდა გაიმართოს გაძლიერებული დაცვის ქვეშ იმყოფება. შენობა ე.წ. ომონის წარმომადგენლების მიერ არის ალყაშემორტყმული. თავად ჯიოევა აცხადებს, რომ მას სარჩელი უკან გამოაქვს, ვინაიდან სასამართლოს მიერ სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანის იმედი არ აქვს.
გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. ომონის მებრძოლები ე.წ. სასამართლოს შენობასთან შვიდი დაჯავშნილი ავტომობილით მიიყვანეს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის "ომონის" ხელმძღვანელი მერაბ პუხაევი აცხადებს, რომ აღნიშნული ზომა პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად არის მიღებული.
ჯიოევას მომხრეები ჯერ ჯერობით სასამართლოს შენობასთან არ ჩანან. სასამართლოს სხდომა კი რამდენიმე წუთში დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. უზენაეს სასამართლოში ალა ჯიოევა 25 მარტს დანიშნული ე.წ. ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმებას და 27 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების აღიარებას მოითხოვდა.