ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტობის კანდიდატი" ალა ჯიოევას ლექსიკონში ცნება "სამოქალაქო ომი" გაჩნდა. თავისი ე.წ. ინაუგურაციის შემდეგ, რომლის გამართვასაც ჯიოევა 10 დეკემბერს გეგმავს, იგი ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას აპირებს.
"და რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა მსოფლიო საზოგადოების თვალში ნეანდერტალელებად გამოვჩნდეთ და ინაუგურაცია ქუჩაში ჩავატაროთ, მაგრამ ჩვენ სხვა გამოსავალს არ გვიტოვებენ", _ განაცხადა ჯიოევამ რუსულ მედიასთან საუბარში.
მისივე თქმით, ე.წ. ინაუგურაციის შემდეგ მის შტაბში ახალი მთავრობის ფორმირება დაიწყება."ჩვენ მივმართავთ ახალგაზრდობას, განვიხილვთ მათ რეზიუმეებს იმისათვის რათა ისეთი მობილური ჯგუფი ჩამოვაყალიბოთ, რომელიც ჩვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის", _ განაცხადა ჯიოევამ და აღნიშნა, რომ იგი მიმართავს ე.წ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, იმისათვის რათა მათ მისადმი ეთგულებაზე დაიფიცონ.
"მე ვიცი რომ მათ ფიცი უკვე მისცეს და მინდა მჯეროდეს, რომ მოქმედი პრეზიდენტო გონს მოეგება და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას სამოქალაქო ომში არ ჩაითრევს", _ აცხადებს ჯიოევა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ალა ჯიოევამ ოს სეპარატისტთა ლიდერს ედუარდ კოკოითს ულტიმატუმი წაუყენა და განაცხადა, მას ორი დღე აქვს, რომ ცხინვალის რეგიონის ტერიტორია დატოვოს და იმ ფულით რაც მას აქვს წავიდეს და სადაც უნდა იქ იცხოვროს და ხალხს მშვიდობიანი ცხოვრების საშუალება მისცეს.
ფოტო: ITAR- TASS